Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს

GUARDIANGE – პენტაგონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საავადმყოფოდან გაწერეს და ისევ შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას.

70 წლის ოსტინი კვირას გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში „შარდის ბუშტის გადაუდებელი პრობლემის“ სიმპტომების გამო მოათავსეს.

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მან უფლებამოსილება მოკლე დროით  თავის მოადგილეს გადააბარა.

პენტაგონის ხელმძღვანელი პროსტატის კიბოს დიაგნოზის გაუმჟღავნებლობისა და დეკემბერსა და იანვარში საავადმყოფოში ორჯერ მოხვედრის გამო, კრიტიკის ობიექტად იქცა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაპირველად 1-ელ იანვარს გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ პენტაგონმა ინფორმაცია 5 დღე დამალა.

პენტაგონის მიერ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის გაუმჟღავნებლობა აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების ჩვეულებრივ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

სამშაბათს მისმა ექიმებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანი „კარგ მდგომარეობაშია“ მას შემდეგ, რაც მას შარდის ბუშტზე არაქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა.

„შარდის ბუშტის პრობლემა არ იყო დაკავშირებული მისი სიმსივნის დიაგნოზთან და არ მოახდენს გავლენას მისი სიმსივნის შესანიშნავ პროგნოზზე“, – განაცხადეს ექიმებმა ჯონ მადოქსმა და გრეგორი ჩეზნატმა მერილენდის ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში.

ამა წლის დასაწყისში, თავდაცვის მაღალჩინოსნებმა და ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ მათ ლოიდ ოსტინის სიმსივნის დიაგნოზისა და პენტაგონის ხელმძღვანელის მძიმე ავადმყოფობის შესახებ არაფერი იცოდნენ მისი იანვარში საავადმყოფოში ხელახლა გადაყვანიდან სამი დღის გასვლამდე.

ოსტინმა ბოდიში მოიხადა აღნიშნულთან დაკავშირებით და მოსალოდნელია, რომ მან კონგრესს ამ თვის ბოლოს ჩვენება მისცეს იმის შესახებ, რომ ვერ შეატყობინა ოფიციალურ პირებს მისი ავადმყოფობის შესახებ. რაც შეეხება საავადმყოფოში მის ბოლო მკურნალობას, პენტაგონმა განაცხადა, რომ მან ამის შესახებ აცნობა თეთრ სახლს და თავდაცვის მაღალჩინოსნებს.

თავდაცვის მდივანი აშშ-ის სამხედრო ძალების სარდლობის იერარქიაში პრეზიდენტის შემდეგ მეორე ფიგურაა და იგი მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევა.

70 წლის ოსტინმა 41 წელი გაატარა სამხედრო სამსახურში, 2016 წელს კი ოთხვარსკვლავიანი გენერლის ჩინით გავიდა პენსიაზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები