ბატონ პრემიერ-მინისტრთან ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს.
„მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები კიდევ ერთხელ თქვენს დელეგაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას და ჩემს მეგობარს. დიდი პატივია ჩემთვის გიმასპინძლოთ კიდევ ერთხელ თბილისში.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ბატონ პრემიერ-მინისტრთან ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ზოგადად ურთიერთობებს. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მე-2 საექსპორტო ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. ასევე მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ გასულ წელს სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
რაც მთავარია, მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები, გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დეფაქტო, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, ეს რეალობა, ეს მოცემულობა გაფორმდა და დღეს ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.