საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში ვიზიტის ფარგლებში იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, პანელური დისკუსიები ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩნდეს ჩვენი პარტნიორების თვალსაწიერში.
„შესაბამისად, პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას იქნება ძირითადად ფოკუსირებული რეგიონალურ თემატიკაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის და აზიის დაკავშირება. იცით, რომ საქართველო არის გეოგრაფიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ არეალში. ეს ყოველთვის იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომ დავაკავშიროთ ევროპა და აზია, იყოს ქვეყანა, რომელიც არის ძალიან ძლიერი ხიდი ამ კავშირის და სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ საქართველო როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით შუა კორიდორის მნიშვნელობაზე, შუა კორიდორის განვითარებაზე. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ მომავალში, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო იყოს ერთი მხრივ ძალიან სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და მეორე მხრივ, იყოს ხიდი და კავშირი ორ კონტინენტს შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.