GUARDINAGE – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი „არ ხუმრობს“, რომ პოტენციურად მესამე ვადით იყაროს კენჭი.
მისი თქმით, „არსებობს მეთოდები“, რომელთა გამოყენებაც შეუძლია იმისათვის, რომ მესამედ ჩაერთოს საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ „ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“. 22-ე შესწორებით, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტებს არ შეუძლიათ ორ ვადაზე მეტად იმუშაონ თანამდებობაზე.
„ბევრ ადამიანს სურს, რომ მე ეს გავაკეთო“, – თქვა ტრამპმა NBC News-თან კვირას დილით სატელეფონო საუბარში. „მაგრამ ძირითადად მე ვეუბნები მათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, იცით, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა ადმინისტრაციაში. მე ფოკუსირებული ვარ ამჟამინდელ ვადაზე“.
კითხვაზე, სურდა თუ არა მას კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობა, მან უპასუხა: „მე მომწონს მუშაობა“.
„მე არ ვხუმრობ“, – თქვა ტრამპმა, როდესაც განმარტება სთხოვეს. „მაგრამ… ჯერ ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“.
როდესაც მას ჰკითხეს, აქვს თუ არა წარდგენილი გეგმები, რომ მესამე ვადით იბრძოლოს, ტრამპმა თქვა: „არსებობს მეთოდები, რომლითაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი“.
კონსტიტუციაში შესწორების შეტანა ორ ვადის ლიმიტის გაუქმების მიზნით უაღრესად რთული იქნება. საჭიროა კონგრესის ორი მესამედი ან შტატების ორი მესამედი, რომლებიც თანხმდებიან საკონსტიტუციო კონვენციის მოწვევას ცვლილებების შესათავაზებლად. ორივე გზა, ამის შემდეგ, მოითხოვს შტატების სამი მეოთხედის რატიფიკაციას.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მხოლოდ ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობის დროს დაირღვა ვადები. რუზველტი ოთხი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და მე-4 ვადით მოვალეობის შედგომიდან მალევე, 1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. მესამე ვადით თეთრ სახლში მუშაობას რუზველტი 1941 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ შეუდგა.
მომზადებულია GUARDINAGE-ის მიერ