ზურაბ ჟვანია მოკლეს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და სასამართლოშიც ვიტყვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს, – ამის შესახებ 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრმა, გოგა ხაინდრავამ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოვლენის შემდეგ, რამდენიმე თვეში საქართველოში ჯორჯ ბუში ჩამოვიდა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურა“ დაარქვა.
„ზურაბ ჟვანია მოკლეს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და სასამართლოშიც ვიტყვი, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს. იმ დღეს იმ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია დაიღუპა და მე ეს კადრი მაქვს, არანაირი გაზი არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა იმ უბნის გაზგანაწილების უფროსმა, რომ გაზი საერთოდ გამორთული იყოო. იგივე დაამტკიცეს „ეფბიაის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ გამოძიებისთვის და თქვეს, რომ გაზგამანაწილებელი გაფუჭებული არ იყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ ფანჯარა არ იკეტებოდა იმ სახლში, და იქ, სადაც ფანჯარა ღიაა, შეუძლებელია, გაზით მოიწამლო. ყველაზე საინტერესოა, რომ იმ დღეს ზურასთან სამი შეხვედრა მქონდა. დილას მივედი, რაღაც საქმე მქონდა და მითხრა, ახლა ბევრი საქმე მაქვსო და იქნებ შუადღეს ვისადილოთო. კი, ბატონო, ვუთხარი, თან იქვე მქონდა სამინისტრო. მივედი სადილზე. ზურა იყო მორწმუნე კაცი, მარხვა იყო და ხორცი არ ჭამა, კარგად მახსოვს, ორნი ვისხედით. საღამოს უნდა წავსულიყავით ტეფტთან მიღებაზე, დაპატიჟებული ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, შევთანხმდით, რომ გამომივლის და ერთად წავალთ. დავურეკე, მითხრა, პატარა საქმე გამიჩნდა, შენ წადი და მე მოვალო. წავედი იქ და დილით გამომიცხადეს, რომ ზურაბ ჟვანია, რომელიც აზიზი კაცი იყო და ეს იცოდა, ვინც იცნობდა, თურმე სადღაც ბინაში არაყს სვამდა და სამმანეთიან „კალბასს“ აყოლებდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, რაც მთავარია და ყველაზე მნიშვნელოვანია, ზურა ჟვანია დღეში, სულ მცირე, ორ კოლოფ ან მეტს სიგარეტს ეწეოდა, იმ ოთახში კი არც საფერფლე და არცერთი ნამწვი არ იყო.
„ჩემთვის ეჭვგარეშეა ეს ყველაფერი. მას მერე ცხრა წელი გავიდა და ბევრი იმუშავეს, რომ მკვლელობა არ გახსნილიყო. ზურას წასვლის მერე სერიოზულად გამიჭირდა და ვფიქრობდი კიდევაც, ხომ არ წავიდე, რთული იქნებოდა ამათთან გამკლავება. მაგრამ გია ვოლსკიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა და დამარწმუნა, რომ უნდა დავრჩეთ, და დავრჩით. მთელი ეს პერიოდი ჩვენ მივდიოდით ბრიუსელში, ესენი აქ რაღაცას გააკეთებდნენ, მივდიოდით ვენაში, ესენი აქ რაღაცას იჩირთიფირთებდნენ“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
მისი თქმით, შემდეგ საქართველოში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩამოვიდა
„ეს იყო ზურას მკვლელობიდან დაახლოებით რამდენიმე თვეში და სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც აქაც იწყებდა უკვე მძვინვარებას, „დემოკრატიის შუქურა“ დაარქვა. ამ დემოკრატიის შუქურის დარქმევიდან და ბუშის ჩამოსვლის მერე სურათი მკვეთრად შეიცვალა და დაპირისპირებებმა, რომლებსაც აქამდე მხოლოდ პროვოკაციების ხასიათი ჰქონდა, პირდაპირ შეიძინა სახე, რომელიც ადრე თუ გვიან კონფლიქტამდე მივიდოდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.