ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან ერთად, პროექტის – „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პრეზენტაციას დაესწრო.
როგორც მელქონ მაკარიანმა აღნიშნა, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
პროექტი 18-35 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. შეხვედრის ორგანიზატორებმა ისაუბრეს ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეთა წარმატებასა და რეგიონებში პროექტის განხორციელების დადებით მხარეზე.
ახალგაზრდებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას უძღვებოდნენ „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი გიგა სარუხანაშვილი და პარტნიორი ორგანიზაციის „ახალქალაქის ზრდასრული განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელი შორენა თეთვაძე.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) არის პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

