ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გზების გაწმენდის სამუშაოებს ეცნობა.
ახალქალაქის მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის, ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.
„რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს. ძლიერი ქარბუქი და დაბალი ხილვადობა სამუშაო პროცესს ართულებს. მუნიციპალიტეტში შემავალი 64 სოფლიდან, ქალაქის მიმართულებით სამოძრაო ტერიტორიებზე სპეცტექნიკა მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ყველაფერს ვაკეთებთ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება თითქმის ყველა მიმართულებით თავისუფალია, გარდა იმ სოფლებისა, რომლებიც ქალაქიდან დიდი მანძილითაა დაშორებული. აღნიშნულ სოფლებში, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებითაა ნებადართული.

