განათლების მინისტრი: ჩვენი მიზანია, პროფესორ-მასწავლებლები დაკავშირებული იყვნენ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან, რათა მთელი დრო, ცოდნა და ენერგია დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში კონკრეტულ მიმართულებას

ჩვენი მიზანია, კონკრეტული პროფესორ-მასწავლებლები დაკავშირებული იყვნენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტთან, რათა მათ მთელი თავიანთი დრო, გამოცდილება, ცოდნა და ენერგია დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში კონკრეტული მიმართულების განვითარებას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ამგვარად, მიქანაძემ უპასუხა შეკითხვას – რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი პროფესორ-მასწავლებელთა სრულ განაკვეთზე მუშაობა და როგორ უნდა მოხდეს განათლების ხარისხის კონტროლი და საკადრო პოლიტიკის დახვეწა, რაც პრიორიტეტად დასახელდა?

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ამ კომპონენტის გარეშე რეფორმის განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება.

„ერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც დღევანდელ რეალობაშია. ფაქტობრივად, არ არის პროფესორი, რომელიც ერთ უნივერსიტეტში ასწავლის მხოლოდ. ხშირ შემთხვევაში, ორ, სამ, ოთხ უნივერსიტეტში არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს, ეს განაწილება სხვადასხვა უნივერსიტეტში, დიდი ალბათობით, ყოველთვის გარკვეულ გავლენას ახდენს ამ სასწავლო პროცესზე და მის მიერ დროის გადანაწილებაზე. ჩვენი მიზანია, კონკრეტული პროფესორ-მასწავლებლები დაკავშირებული იყვნენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტთან, რათა მათ მთელი თავიანთი დრო, გამოცდილება, ცოდნა და ენერგია დაუთმონ იმ კონკრეტულ უნივერსიტეტში კონკრეტული მიმართულების განვითარებას. რატომ ხდება, რომ ისინი რამდენიმე უნივერსიტეტში ასწავლიან?! იმიტომ, რომ, საერთო ჯამში, მიიღონ ის ანაზღაურება, რომელიც მათთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება და როდესაც მათ ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში ექნებათ ის ანაზღაურება, რაც მათ აღარ შეუქმნის საჭიროებას, რამდენიმე ადგილას განახორციელონ სასწავლო პროცესი, ეს მათთვისაც კომფორტული იქნება. მათ შეექმნებათ შესაბამისი სამუშაო პირობები და ამასთანავე, ეს არის ანაზღაურება, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს სტანდარტულად განხორციელებადი. ამას გარდა, ვაპირებთ, დავნერგოთ ბონუსების სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ პროფესორი როგორც კი შეიმუშავებს და დაწერს სახელმძღვანელოს, ამისთვის მას დამატებით უნდა მიეცეს შესაბამისი ჰონორარი. ის თუკი გამოაქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომს, სტატიას უცხოენოვან ჟურნალში ან ისეთ ჟურნალებში, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებით მაღალი რეიტინგის მატარებელია, ამაზეც მან უნდა მიიღოს შესაბამისი ბონუსანაზღაურება. ანუ, ამით ჩვენ მისი რესურსის ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტზე და მიმართულებაზე კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ, ეს აუცილებლად ხარისხზეც იმოქმედებს და მისი მხრიდან კომფორტულ გარემოში, ერთად ადგილას მუშაობაში, რა თქმა უნდა, შესაბამის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მოცემულობაში ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი სრული პროფესორი გვყავს და შედარებით ნაკლები ასისტენტ პროფესორი მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოცემულობაში პირიქით უნდა იყოს.

„როგორც წესი, უნდა იყოს ერთი სრული პროფესორი, მაგრამ შეიძლება, მყავდეს რამდენიმე ასისტენტ-პროფესორი, რომლები ეხმარებიან მას კონკრეტულ მიმართულებებში, კონკრეტული საგნის სწავლებაში და ასე შემდეგ. ანუ, ეს მოცემულობაც ჩვენთან დღეს იმ რეჟიმით არ მიმდინარეობს, როგორც არის წამყვან ევროპულ თუ მსოფლიო უნივერსიტეტებში. შესაბამისად, ეს პროცესები ზუსტად არის გაწერილი კონცეფციაში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მერე უნდა დეტალურად გავლა, როდესაც კონცეფცია დამტკიცდება მთავრობის მიერ და, შესაბამისად, ამ ყველაფერს დასჭირდება კონკრეტული რეალიზაცია და ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები