გივი მიქანაძე: ამ ეტაპზე საკითხი, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და რამე სხვა გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც არ დგას

11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თუ იქნა მიღებული, ამას რამდენიმე, სულ მცირე, ორწლიანი პერიოდი მაინც დასჭირდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქ არის პედაგოგების გადამზადება ახალი პროგრამის მიხედვით, სახელმძღვანელოების მომზადება შესაბამისი მეთოდოლოგიით და ასე შემდეგ. საკმაოდ გაჯერებული პროცესია, რომელიც დროს და საკმაოდ ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს სრული მზაობა, ნებისმიერი არგუმენტირებული წინადადება განვიხილოთ და იმის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიქანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების მიმართ არის საზოგადოების ძალიან მაღალი სანდოობა.

„შესაბამისად, ამ ეტაპზე საკითხი, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და რამე სხვა გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ იმ სისტემით ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას, რასაც ეროვნული გამოცდები იძლევა. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მიქანაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა რეფორმის ფარგლებში სკოლაში აკადემიური მოსწრების კომპონენტის გათვალისწინება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში სასკოლო რეფორმას საზოგადოებას დეტალურად წარუდგენენ.

„არ გავუსწრებ მოვლენებს, მაგრამ დაგპირდებით, რომ, თუ მომიწვევთ, სასკოლო რეფორმაზე ცალკე უფრო დეტალურად გავივლი საკითხებს, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ გარკვეული წინადადებების წარმოდგენას, რომლებიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება სასკოლო რეფორმისთვის. შესაბამისად, საზოგადოებას წარვუდგენთ ხედვებს. ეს იქნება მოსწრება, სხვადასხვა ნოვაციაც, რომლებიც იდეაში გვაქვს, რომ შემოვიტანოთ და ბევრი სხვა, რაზეც საზოგადოებიდან გვესმის, რომ არის მოთხოვნა. ამ ყველაფერს ჩვენ ვაანალიზებთ და უახლოეს რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება საშუალება, საზოგადოებას უფრო დეტალურად წარვუდგინოთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პედაგოგთა გადამზადების პროცესი და მათი ანაზღაურების შეცვლა, რაზე პასუხსაც პედაგოგთა უმრავლესობა ელოდება, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პედაგოგთა ანაზღაურება საკმაოდ დაბალი იყო, ორი წლის წინ სახელისუფლებო დონეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სქემა მნიშვნელოვანწილად შეიცვალა და დღესდღეისობით, არსებული შესაძლებლობებიდან, პედაგოგების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუმცა ხელისუფლებას უნდა, მათ მეტი ანაზღაურება ჰქონდეთ.

მისივე თქმით, მომავალ ორშაბათს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს იქნება დასკვნითი ღონისძიება, სადაც გამოვლინდება მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 დამსახურებული პედაგოგი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეროვნული პრემიით, ეს უკვე ტრადიციად იქცა და სახელმწიფო კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მადლიერებასა და პატივისცემას ყველა პედაგოგის მიმართ.

„ჩემს თვალში თითოეული მათგანი გმირია და ისინი ეწევიან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს – ღირსეულ თაობებს უზრდიან ამ ქვეყანას. ამიტომ მათი მხარდაჭერა და შემდგომი ხელშეწყობა არის ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი, არამარტო სამინისტროსი. ამას არ გეუბნებით, როგორც მხოლოდ მინისტრი, შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის მთავრობის მეთაურის პირადი პრიორიტეტი, რომ განათლების სექტორი მაქსიმალურად იყოს იმ ხარისხის და ისეთი ხელშეწყობა ჰქონდეთ ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს და პედაგოგებს, როგორსაც ისინი იმსახურებენ თავიანთი მართლაც უდიდესი შრომით და თავდადებით“, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი ძალიან პოზიტიური იყო იმ ნაწილში, რომ საზოგადოება სასკოლო წელს 60-მდე სრულიად ახალრეაბილიტირებული და ახალაშენებული სკოლით შეხვდა. ეს პროცესი მიმდინარეობს, დგინდება პრიორიტეტები, რომელი სკოლების ინფრასტრუქტურის განახლება მოხდება მომდევნო წლების განმავლობაში და ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი. მისივე თქმით, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პროგრამაა გამოცხადებული, რომლითაც რამდენიმე ასეული სკოლის სრული რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე 200-მდე სკოლაა სრულად რეაბილიტირებული, ახალაშენებული, ეს პროცესები გრძელდება და იანვარში არაერთი რეაბილიტირებული და ახალაშენებული სკოლა გაიხსნება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები