ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პორტალი – BAVSHVI.GE იწყებს ოპერირებას

ახლო მომავალში ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პორტალი – BAVSHVI.GE დაიწყებს მაუწყებლობას.

როგორც guardiange.com-თან საუბარში პორტალის მთავარმა რედაქტორმა, ალეკო ჩუბინიძემ განაცხადა, აღნიშნული პლატფორმა ორიენტირებული იქნება, დაეხმაროს მშობლებს ბავშვის აღზრდის პროცესში აუცილებელი ინფორმაციით, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ჯანსაღი გარემო, ფსიქოემოციური ფონის მართვა და რეაგირება, აგრეთვე ბავშვების ჯანმრთელობა.

გარდა ამისა, ჩუბინიძის განცხადებით, ახალი პლატფორმის ძირითადი მიმართულება იქნება საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვა, რაც მისივე თქმით, ქვეყანაში დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არასრულწლოვნები განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც ბავშვების უფლებებზე რეალურად იქნება ორიენტირებული.

დღეს ეს ფუნქცია ფორმალურად ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ. ზრუნვის სააგენტოს აქვს შეთავსებული, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალებით და მტკიცებულებებით, ეს უწყება პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის დანაშაულის ბუდე, სადაც ბავშვების ბედით და მომავლით უბრალოდ მანიპულირებენ და ამას განგრძობითი ხასიათი აქვს.

ჩვენი პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამ ე.წ. ზრუნვის სააგენტოსა და იმ ინსტიტუციებში არსებული სავარაუდო კანონდარღვევები იქნება, რომლებსაც ბავშვების უფლებების დაცვა ევალებათ და ამ ფუნქციას ფორმალურადაც კი არ ასრულებენ“, – განაცხადა ალეკო ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, სარედაქციო ჯგუფის მიზანია შექმნას ისეთი მედიაპლატფორმა, რომელიც მშობლებს თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში მდგრადი და კონკურენტუნარიანი შვილების აღზარდაში დაეხმარება.

„მოგეხსენებათ, დღევანდელ სამყაროში უსწრაფესი ტექნოლოგიური პროგრესი ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებს განვითარებულ ქვეყნებსაც კი და სწორედ ამ ფონზე, უმთავრესია, მომავალი თაობა გაიზარდოს სწორად, რათა მათ შეძლონ, კონკურენცია გაუწიონ იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება მათი თუ ქვეყნის წინაშე ადრე თუ გვიან დადგეს.

სწორედ ამიტომ, დაწყებული პოზიტიური მშობლის როლიდან, გაგრძელებული ბავშვების ფსიქოემოციური ფონის მართვისა და დამთავრებული ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მშობლებს, რათა მათ აღზარდონ თაობა, რომელიც თავიანთი უნარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანები ინებიან“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი BAVSHVI. GE ფუნქციონირებას 15 ოქტომბრიდან დაიწყებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები