პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩია

პარლამენტმა, 85 ხმით ერთხმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე აირჩია.

„ვულოცავთ მამუკა მდინარაძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში გასწია. მოყვარემაც და რაც მთავარია, მტრებმაც კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში და ზუსტად, ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობასა და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის. მამუკა მდინარაძეს ისეთივე წარმატებას ვუსურვებთ, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევამდე, მამუკა მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში მოუსმინეს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები