სასამართლომ გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

სასამართლო სხდომას ვაშაძე არ ესწრებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ, გიორგი ვაშაძეს ბრალის დადგენილება გააცნეს, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 15 აპრილს იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები