საია-ს თავმჯდომარე თამარ ონიანი: ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა, პოლიციის ეზოში მასზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა შეაკავეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე საჩივარი გააგზავნა. საჩივარი ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. მან პოლიციის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს.

„ჩვენ მიერ გაგზავნილ ახალ საჩივარში განსახილველ საკითხს წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა. კერძოდ, 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. მან პოლიციის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ ეძლეოდა უფლება ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით… ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საია დაობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები, კერძოდ, მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას; მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილი, რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას, მე-14 მუხლთან ერთობლიობაში; ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი), მე-13 მუხლი, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება მესამე მუხლთან ერთობლიობაში“, – განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ თამარ ონიანმა.

ევროსასამართლო ამ დროისათვის ამაღლობელის საქმის ორ საჩივარს განიხილავს, რომელიც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას და ადმინისტრაციულ საქმეებს ეხება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები