საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, კახეთის რეგიონში ახლად აღდგენილი სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.
ალექსანდრე წულაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე გივი მიქანაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გიორგი ბენაშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაშენდისა და ბაკურციხის სკოლებს ეწვია და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს გაეცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ასევე ექიმის კაბინეტი, საგანმანათლებლო სივრცეები და ყველა ის პროექტი, რაც სამინისტროს მიერ განხორციელდა.
სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები 500-500 მოსწავლეზეა გათვლილი და მათი სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია. ორივე სკოლა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სკოლებში ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები უზრუნველყოფილია შიდა და გარე უსაფრთხოების სისტემებით. ორივე სკოლას აქვს როგორც ღია, ასევე, დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და სრულად ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიზანია, თანამედროვე სასკოლო გარემო თითოეული მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.