Friday, June 6, 2025
17.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი ილონ მასკით იმედგაწბილებულია, მასკი აცხადებს, რომ ტრამპი მის გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა და იგი უმადურია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავიანიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ უცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.

საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისმხობს.

„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს, ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა.

ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.

ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი.

მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი მის გარეშე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა.

„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – დაწერა სოციალურ ქსელში მასკმა.

ამერიკელი მილიარდერი ასევე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის სახელი არასარულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტები არ საჯაროვდება. ამის შესახებ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე დაწერა.

„ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!“, – წერს ილონ მასკი.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.

ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში. ეპშტეინთან ურთიერთობის შესახებ ტრამპი 2002 წელს ამერიკულ მედიასთან ინტერვიუშიც საუბრობდა. ფინანსისტის დაკავების შემდეგ კი ტრამპი აცხადებდა, რომ მასთან დიდი ხნის წინ ჰქონდა კავშირი გაწყვეტილი.

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ეპშტეინის საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა. თებერვალში გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გამოაქვეყნა დოკუმენტების ნაწილი, თუმცა მასალები ახალ გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.

ილონ მასკმა ისიც განაცხადა, რომ ტრამპის სავაჭრო ტარიფები რეცესიას გამოიწვევს და ეთანხმება მოსაზრებას ტრამპის იმპიჩმენტისა და მისი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსით ჩანაცვლების შესახებ.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ილონ მასკი გადაიღალა.

ტრამპის თქმით, მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს ტრამპი.

მოგვიანებით, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელ X-ში გამოკითხვა დაიწყო, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.

„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი  გამოკითხვაში.

გამოკითხვის დაწყებიდან მალევე 1 930 968-მა მომხმარებელმა გამოხატა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები