აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა.
საკაშვილის თქმით, აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები.
„რა არის ეგრეთ წოდებული კომისია? დაიწყეს საქმე ჰააგის სასამართლოში, იქნებ როგორმე გავემტყუნებინეთ მე და საქართველო, არ გამოუვიდათ არაფერი, რადგან ეს ჰააგაა და არა სასამართლო კლანი. ახლა იმავეს იმიტაციას ცდილობენ საქართველოს შიგნით. მოახდინეს სრული რეაბილიტაცია ქურდების, ყაჩაღების და ასე შემდეგ. აფრასიძეებზე ჩაატარეს მოსმენები, მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანებს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამ აფრასიძეებზე ახლა ამბობენ, თურმე ისინი რეჟიმის უბედური მსხვერპლები იყვნენ. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ეს არ არის კომისია, ეს არის კონტრრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების, პრორუსი კორუფციონერების“, – განაცხადა სააკაშვილმა.