Wednesday, April 16, 2025
8.8 C
Tbilisi

გიორგი გახარია: გიდასტურებთ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით

ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან პოლიტიკური პარტია თუ ხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის. ჩვენ ასე ვმოქმედებთ. ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად ოქტომბერში, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თუ არჩევნები ერთად არ დაინიშნა, კატეგორიულად უარს ამბობს თუ არა, გახარიამ უპასუხა, რომ კატეგორიულ უარს არ ამბობს, თუმცა ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.

„რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, კატეგორიულ უარს არ ვამბობ. გიდასტურებთ, რომ კატეგორიულ უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ვერ მოქმედებს ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, სახელებს არ დავასახელებ, ახალა რომ სხედან და რაღაცაზე ოცნებობენ. მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ. არავის საქმე არ არის ეს. რა თქმა უნდა, ვემზადებით, კატეგორიულ უარს არ ვამბობთ. ჩვენ შეიძლება, მივიღოთ, შეიძლება, არ მივიღოთ. მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს“, – აღნიშნა გახარიამ.

კითხვაზე, რა შემთხვევაში არ მიიღებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, გახარიამ უპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომლებიც გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ.

„ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა არის ინტერესი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებიც იმდენად უსუსურები არიან, რომ საკუთარი გადაწყვეტილება თავის თავზე ვერ აუღიათ. გვიყურებენ ჩვენ, აბა, რას ვიზამთ. ყველამ მიხედოს თავის თავს. მე იმას ვამბობ, რასაც ვამბობ ღიად, გულწრფელად და პირდაპირ და ისეთ რამეს ვამბობ, რისი გადათქმაც არ მომიწევს“, – განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთ დამაზუსტებელ კითხვაზე, ეჭვი აქვს ოთხივე ბარიერგადალახულ პარტიაზე, მისი პარტიის ჩათვლით, რომ გავლენ  არჩევნებზე, გახარიამ უპასუხა:

„ყველაზე მაქვს ეჭვი. რას ნიშნავს ჩვენი ჩათვლით? მე გეუბნებით ჩემს თავზე. მარტივი ამბავია, დიახ, გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობის შანსი არის იმ შემთხვევაშიც, თუ მანამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. „ეს გადაეცით სხვებსაც და მათაც გაუჩნდებათ სივრცე, ცოტა უფრო თამამად იმოქმედებენ“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები