იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გასულ წელს 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ამ ტენდენციის შენარჩუნება.
„დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით, 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავხურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. ამ კუთხით შარშანაც გვქონდა ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება.
საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%. ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც გვაქვს დასახული, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება აქამდე, შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევასრულოთ.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2025-2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის, ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.