თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სააკაშვილს სასჯელის ზომად ოთხი წელი და ექვსი თვე განესაზღვრა, თუმცა მოსამართლემ განაჩენთა ერთობლიობით სააკაშვილს სასჯელის ვადად 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.
„სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით, სსსკ-ის 59-ე მუხლის მესამე და მეოთხე მუხლების ნაწილების საფუძველზე. ამ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქალაქო სასამართლოს 12 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთით რვა წლის ვადით და სამი წლის ვადით, სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა და, საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს პატიმრობა 12 წლითა და ექვსი თვის ვადით. მასვე სამი წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნა მოსამართლემ.