GUARDIANGE – კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარის და შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტისათვის ბრძოლაში კანადის ცენტრალური ბანკის და ინგლისის ბანკის ყოფილმა მმართველმა, მარკ კარნიმ გაიმარჯვა. მან სამი მოწინააღმდეგე დაამარცხა „ლიბერალური პარტიის“ ხელმძღვანელის არჩევნებში და ჯასტინ ტრუდოს მემკვიდრე გახდა.
კარნიმ, რომელიც ქვეყნის მართვის სადავეებს ღრმა არასტაბილურობის დროს იღებს, პირობა დადო, რომ მოიგებს სავაჭრო ომს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.
პარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში 59 წლის მარკ კარნი თავს დაესხა ტრამპს, რომელმაც კანადას ტარიფები დაუწესა და რომელსაც კანადის შეერთებული შტატების 51-ე შტატად მიერთება სურს.
„ამერიკელებმა არ უნდა დაუშვან შეცდომა. ვაჭრობაში, ისევე როგორც ჰოკეიში, კანადა გაიმარჯვებს“, – თქვა კარნიმ.
გასულ სამშაბათს, შეერთებულმა შტატებმა კანადურ საქონელზე 25%-იანი გადასახადები დააწესა, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან დაიხია და დააზუსტა, რომ გადასახადებისაგან გათავისუფლდებოდა ის საქონელი, რომელიც არსებულ სავაჭრო ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.
კანადამ საპასუხო ტარიფები დაუწესა აშშ-ს. ტრუდომ ტრამპი ქვეყნის ეკონომიკის დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. კარნიმაც თავის გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ ტრამპი „თავს დაესხა კანადელ მუშებს, ოჯახებს და ბიზნესებს“.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. მთავრობა შეინარჩუნებს ტარიფებს აშშ-ის იმპორტზე მანამ, სანამ ამერიკელები არ გვიჩვენებენ პატივისცემას“, – განაცხადა კარნიმ, რომელმაც პირველი კენჭისყრისას გაიმარჯვა კვირა საღამოს, 9 მარტს. მან ხმების 85.9% მიიღო და დაამარცხა მთავარი კონკურენტი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი კრისტია ფრილანდი.
მოელიან, რომ კარნი, რომელსაც დღემდე არჩევით თანამდებობაზე არასდროს უმუშავია, პრემიერ-მინისტრის ფიცს უახლოეს დღეებში დადებს და „ლიბერალებს“ უხელმძღვანელებს მომდევნო საყოველთაო არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს კვირებში ჩატარდება.
რა არის კარნის ძირითადი პოლიტიკა?
ყოფილი ცენტრალური ბანკირი ფართოდ ცენტრისტულ დღის წესრიგს ატარებს, ტრუდოსგან განსხვავებით, რომელმაც „ლიბერალები“ მარცხნივ წაიყვანა.
მნიშვნელოვანი დაპირება არის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რომელიც ბოლო წლებში პოლიტიკური ბლოკირებების წინაშე აღმოჩნდა.
მან პირობა დადო, რომ დიდ ინვესტიციებს ჩადებს საცხოვრებელი ბინებისა და სუფთა ენერგიის პროექტებში და მოახდენს ვაჭრობის ლიბერალიზაციას კანადაში, სადაც პროვინციებს შორის ბარიერები რჩება, ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციას აშშ-სგან.
პარტიის ლიდერობისათვის რბოლის დროს, კარნიმ პირობა დადო, რომ შეამცირებდა ფედერალური მთავრობის ზომას, რომელიც 40%-ით გაიზარდა ტრუდოს თითქმის 10-წლიანი მმართველობის დროს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ