Monday, February 24, 2025
-3.2 C
Tbilisi

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ გაიმარჯვა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა

GUARDIANGE – გერმანიაში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ CDU/CSU 28.6%-ით გაიმარჯვა. ხმების დათვლა დასრულდა და შედეგები ადასტურებს, რომ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა – ხმების რეკორდული 20.8%-ით, კანცლერ ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატები“ (SPD) მესამეზე, 16.4%-ით, „მწვანეები“მეოთხეზე, 11.6%-ით, „მემარცხენე პარტია“ მეხუთეზე, 8.8%-ით.

ამ საღამოს ჩვენ ვზეიმობთ, მაგრამ ხვალ ვმუშაობთ, – უთხრა ფრიდრიხ მერცმა თავის თანაპარტილებს

ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის შემდეგი კანცლერი უნდა გახდეს, განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებაში დროის დაკარგვა არ არის საჭირო და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება აღდგომამდე უნდა მოხდეს. მერცი აკრიტიკებს ტრამპს და მასკს და ამბობს, რომ ევროპას სჭირდება დამოუკიდებლობა.

სხვა პოლიტიკური ძალები ემიჯნებიან პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და მოსალოდნელია, რომ ის მთავრობაში არ შევა.

„მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას შეერთებული შტატებისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას, ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი“, – აღნიშნა მერცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რა ელოდება ნატო-ს სამომავლოდ და მოუწევს თუ არა ევროპას სწრაფი მოქმედება საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად. მერცმა ასევე გააკრიტიკა ილონ მასკი გერმანიის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის გამო. მასკი ღიად უჭერდა მხარს ულტრამემარჯვენ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

„ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ“, – განაცხადა მერცმა.

ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ საგარეო საქმეთა სპიკერმა, იურგენ ჰარტმა BBC-სთან საუბრისას თქვა, რომ კოალიციის შექმნა შეიძლება „ძალიან რთული“ აღმოჩნდეს, რადგან ისინი არ ითანამშრომლებენ AfD-სთან („ალტერნატივა გერმანიისთვის“), ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ პარტია (FDP) შეიძლება საერთოდ პარლამენტის მიღმა აღმოჩნდეს. „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიამ მართლაც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი და ბუნდესტაგის მიღმა აღმოჩნდა. მათ 4.3% მიიღეს.

კვირას, 23 თებერვალს, მილიონობით ამომრჩეველმა მისცა ხმა გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს სამი პარტიისაგან შემდგარი კოალიცია დაიშალა, რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნების შედეგები თავისი პარტიის მარცხად შეაფასა.

„ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ“, – თქვა მოქმედმა კანცლერმა ბერლინში შეკრებილი მხარდაჭერებისადმი მიმართვისას.

მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას არასდროს მიიღებს.

ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები მერცს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

„მოუთმენლად ველი ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა გავაღრმავოთ ჩვენი ისედაც ძლიერი ურთიერთობები, გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოება და ორივე ქვეყნისთვის ზრდის მომტანი თანამშრომლობა“, – დაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა „X“-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მერცს მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელოდება ერთად მუშაობას „ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის“

„ამ გაურკვევლობის პერიოდში, ჩვენ გაერთიანებულები ვართ, რათა გავუმკლავდეთ მსოფლიოს და ჩვენი კონტინენტის დიდ გამოწვევებს“, – დაწერა მაკრონმა „X“-ზე.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა:  „გადამწყვეტი გამარჯვება ჩვენი პოლიტიკური ოჯახისთვის, გერმანიისთვის და ევროპისთვის“.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები