GUARDIANGE-ის არქივის ფოტოზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ კრტიანი, 2023 წლის 1-ელი მაისი
მოულოდნელად გარდაიცვალა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ კრტიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი ავრცელებს.
„ჩვენო კეთილო მეგობარო! შენ მიატოვე შენი მიწიერი ცხოვრება, დაგვტოვე უდროოდ, მოულოდნელად და დაგვიტოვე კარგი და კეთილი მოგონებები.
დღეს, რაც არ უნდა გვინდოდეს, არ დავიჯეროთ მომხდარი, მწარე რეალობა გვაიძულებს შევეგუოთ ამ საზარელ ფაქტს, რაც უფრო ღრმად და სევდიანად გვაგრძნობინებს შენს არყოფნას… შენი წასვლის შემდეგ ბევრი რამ დააკლდა ჩვენს გარემოცვას.
ახლა კი შენზე, როგორც ამ ქვეყნიდან წასულზე საუბარი უაღრესად რთულია, მაგრამ ვცდილობთ თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ ამას იმ გულით და სიყვარულით ვაკეთებთ, როგორც შენ ეს გიყვარდა ცხოვრებაში.
შენ იცხოვრე მშვენიერი და ღრმა შინაარსიანი ცხოვრებით, შენ გარშემო ავრცელებდი უზომო სიყვარულს, სიხარულს და მადლმოსილებას.
შენზე ბევრი რამის თქმა შეიძლება ძვირფასო რუბენ!
შენ აქ არ ხარ… მაგრამ შენი ცხოვრების მაგალითი დიდხანს გაჰყვება ყველას, ვინც კი შენ გიცნობდა და გაფასებდა… შენი სიცილი და სიტყვები ყოველთვის გაგვახსენდება. ასეთი გვემახსოვრები მუდამ…“- წერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლის დირექტორი ოგანეს შორაღიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

GUARDIANGE სამძიმარს უცხადებს რუბენ კრტიანის ოჯახს, ალასტანის საჯარო სკოლის პედკოლექტივს, მოსწავლეებს, ასევე, ბატონი რუბენის კოლეგებს, მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო.