GUARDIANGE – პირველი ორი ეგზიტპოლის მიხედვით, გერმანიაში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ CDU/CSU გავიდა და ის იქნება ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა გერმანიის მომავალ პარლამენტში. მას ხმების დაახლოებით 30% აქვს მიღებული, რაც ბუნდესტაგში 209 ადგილს ნიშნავს.
ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის შემდეგი კანცლერი უნდა გახდეს, განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებაში დროის დაკარგვა არ არის საჭირო.
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) სავარაუდოდ, ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი ძალა გახდება. გამოკითხვების თანახმად, მან ამომრჩეველთა ხმების რეკორდული 20% მიიღო.
შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) 16 პროცენტი აქვს მიღებული.
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90“/„მწვანეები“ 13.5 პროცენტს აგროვებენ. „მემარცხენე პარტია“ 8.9 პროცენტს იღებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.9 პროცენტს.
დღეს მილიონობით ამომრჩეველმა მისცა ხმა გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს სამი პარტიისაგან შემდგარი კოალიცია დაიშალა, რამაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა არჩევნების შედეგები თავისი პარტიის მარცხად შეაფასა.
„ეს არის მომენტი, როდესაც უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნები წავაგეთ“, – თქვა მოქმედმა კანცლერმა ბერლინში შეკრებილი მხარდაჭერებისადმი მიმართვისას.
მან არჩევნებში გამარჯვება მიულოცა „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს. მისივე თქმით, მეორე ადგილზე გასული პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას არასდროს მიიღებს.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ