Saturday, January 4, 2025
9.8 C
Tbilisi

15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში ხალხით სავსე ქუჩაზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად

განახლდა 2 იანვარს 07:00 საათზე

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე ავტომანქანა ხალხს შეეჯახა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 35 კი დაშავდა. შემთხვევა 1 იანვარს დილის საათებში, ადგილობრივი დროით 03:15 საათზე ქალაქის პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდა, სადაც ახალი წლის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ის მოქალაქე, ტეხასის შტატის მკვიდრი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბარია. იგი ლიკვიდირებულია.

როგორც CBS News-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, პიკაპის ტიპის თეთრი ავტომანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილის ავტომანქანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს. გამომძიებლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ მხოლოდ ეჭვმიტანილი არ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) შემთხვევას იძიებს, როგორც “ტერორისტულ აქტს”.

გამომძიებლები, რომლებმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდარის დეტალები აცნობეს, ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა „თავდასხმამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ატვირთა,  სადაც მითითებულია, რომ ის შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“ და „მკვლელობის სურვილი“ ჰქონდა.

ნიუ ორლეანში თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ Tesla Cybertruck-ი აფეთქდა ლას-ვეგასში, სასტუმრო Trump-ის წინ, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაშავდა. ბაიდენის განცხადებით, გამომძიებლები იკვლევენ, უკავშირდება თუ არა აფეთქება ნიუ ორლეანში მომხდარს, მაგრამ „ამ დროისთვის არაფერია დადგენილი“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები