საქართველოს პარლამენტის წევრების ხელფასები იზრდება. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატების ხელფასები ორჯერ ან მეტად იზრდება.
პარლამენტის წევრის ხელფასი 2024 წლის ბოლოს 4624 ლარი იყო, კანონპროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით ის თითქმის ორჯერ, 8250 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ხელფასი არა ორჯერ, არამედ ორნახევარჯერ გაიზარდოს.
დღეიდან, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ყველაზე დაბალი ხელფასი – 11 680 ლარი (გადასახადების ჩათვლით) დაენიშნება დეპუტატს, რომელსაც სხვა საპარლამენტო თანამდებობა არ უკავია. ყველაზე მაღალი ხელფასი კი – 14 600 ლარი – პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
ასევე, ბიუჯეტი გადაიხდის პარლამენტის წევრების სატრანსპორტო ხარჯებს, რომლის ლიმიტიც ყოველთვიურად 400 ლარია და დაფარავს ჯანმრთელობის დაზღვევასა და კომუნიკაციის ხარჯებს. კონკრეტული თანხების რაოდენობას პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს.