Monday, January 6, 2025
6.8 C
Tbilisi

ნიუ ორლეანში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა – ეჭვმიტანილმა თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში ვიდეოები ატვირთა, სადაც მითითებულია, რომ ის შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“ და „მკვლელობის სურვილი“ ჰქონდა

GUARDIANGE – აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, ბურბონ სტრიტზე ავტომანქანის ხალხში დიდი სიჩქარით შევარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, სულ მცირე 35-ს კი დაზიანებები აქვს მიღებული. შემთხვევა 1 იანვარს დილის საათებში, ადგილობრივი დროით 03:15 საათზე ქალაქის პოპულარულ ტურისტულ უბანში მოხდა, სადაც ახალი წლის აღსანიშნავად უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ის მოქალაქე, ტეხასის შტატის მკვიდრი, 42 წლის შამსუდ-დინ ჯაბარია, რომელიც არმიის ვეტერანი იყო და ავღანეთში მსახურობდა. იგი ლიკვიდირებულია.

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) თავდასხმაში ეჭვმიტანილის, შამსუდ-დინ ჯაბარის პასპორტის ფოტო გამოაქვეყნა.

თვითმხილველების განცხადებით, პიკაპის ტიპის თეთრი ავტომანქანა დიდი სიჩქარით შევარდა ხალხში ბურბონ სტრიტზე, შემდეგ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა და იარაღიდან სროლა დაიწყო, რასაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილის ავტომანქანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს. გამომძიებლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ მხოლოდ ეჭვმიტანილი „არ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე“.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, მერიკ გარლანდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI) შემთხვევას იძიებს, როგორც „ტერორიზმის აქტს“.

გამომძიებლები, რომლებმაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდარის დეტალები აცნობეს, ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა „თავდასხმამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე“ სოციალურ ქსელში ვიდეოები ატვირთა, სადაც მითითებულია, რომ ის შთაგონებული იყო „ისლამური სახელმწიფოთი“ და „მკვლელობის სურვილი“ ჰქონდა.

ნიუ ორლეანში თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ Tesla Cybertruck-ი აფეთქდა ლას-ვეგასში, სასტუმრო Trump-ის წინ, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა და შვიდი ადამიანი დაშავდა.

ბაიდენის განცხადებით, გამომძიებლები იკვლევენ, უკავშირდება თუ არა აფეთქება ნიუ ორლეანში მომხდარს, მაგრამ „ამ დროისთვის არაფერია დადგენილი“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ მისი პირველი რეაქცია იყო ბრაზი და იმედგაცრუება.

„მე დავუკავშირდი ფედერალურ სამთავრობო სააგენტოებს. ისინი ყველანი კოორდინირებულად მუშაობენ ძირითადი ფაქტების დასადგენად“, – თქვა მან.

მანამდე, ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ნიუ ორლეანში მომხდარ საშინელ თავდასხმას. განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამ საქმეს იძიებს, როგორც ტერორიზმის აქტს.

„მადლიერი ვარ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების სწრაფი რეაგირებისთვის, რამაც უფრო მეტი მსხვერპლი და ზიანი აიცილა თავიდან. მე დავავალე ჩემს გუნდს, უზრუნველყოს ყველა რესურსის ხელმისაწვდომობა, რადგან ფედერალური, შტატის და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები გულმოდგინედ მუშაობენ მომხდარის გასარკვევად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე.

„არ არსებობს რაიმე სახის ძალადობის გამართლება და ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის რომელიმე თემზე“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები