Saturday, November 30, 2024
7.8 C
Tbilisi

შსს: პარლამენტთან, აქციაზე დაკავებულია 107 პირი, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი

პარლამენტის შენობასთან, აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

მთელი ღამის განმავლობაში აქციის წევრები პოლიციელებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მყოფი პირები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა სახის საგნებს, ქვებს, პიროტექნიკას, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.

აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები საზოგადოებამ ნათლად იხილა სხვადასხვა ტელეეთერში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეკრებილმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანეს თბილისის მუნიციპალიტეტისა თუ კერძო პირების ინფრასტრუქტურა, პარლამენტის დამცავი ჯებირი, სხვადასხვა ნივთებსა და სადენებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკარი და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მართლწესრიგის აღდგენის მიზნით გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად სამართალდამცველთა მიერ დაკავებულია 107 პირი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები