მოჯტაბა ხამენეი: ირანი უყოყმანოდ „იძიებს შურს მოკლული ირანელების სისხლისთვის“

GUARDIANGE – ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი აცხადებს, რომ ირანი უყოყმანოდ „იძიებს შურს მოკლული ირანელების სისხლისთვის“.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მინაბში მომხდარ შემთხვევას ეხება, სადაც სკოლასთან ახლოს აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად 168 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაახლოებით 110 ბავშვი.

ირანი აცხადებს, რომ სკოლაზე თავდასხმა აშშ-ის რაკეტით განხორციელდა.

განცხადებაში, რომელიც ტელეწამყვანმა წაიკითხა, მოჯტაბა ხამენეი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადა უნდა შენარჩუნდეს.

„ჩვენ ვუგზავნით გზავნილს რეგიონის ლიდერებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვექნება კარგი ურთიერთობები ჩვენს გარშემო არსებულ ქვეყნებთან. თუმცა, ზოგიერთ ამ ქვეყანაში აშშ-ის ბაზების არსებობა და ამ ბაზების გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის რეგიონისთვის სასარგებლო არ არის და ისინი უნდა დაიხუროს.

როგორც ვთქვით, ჩვენ არ ვართ ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნების მტრები და მხოლოდ ამ ამერიკელების ბაზებს ვუმიზნებთ. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებმაც დაკარგეს შვილები, რადგან მე დავკარგე მამა, დავკარგე ცოლი. ჩემმა დამ დაკარგა შვილი და ქმარი, რომელიც მოწამეობრივად დაიღუპა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ამ ყველა გასაჭირის ატანას აადვილებს, არის ღვთის მადლის ნდობა და იმის ცოდნა, რომ მოთმინება ყველაფერს დაგვაძლევინებს. გარწმუნებთ ყველას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი მოწამეებისთვის“, – განაცხადა მოჯტაბა ხამენეიმ.

ტრამპმა ირანის გოგონათა სკოლაზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა

7 მარტს, საღამოს, Air Force One-ის ბორტზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა აშშ პასუხისმგებელი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბაზასთან ახლოს, სამხრეთ ირანში 28 თებერვალს, გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმაზე, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს „ირანმა გააკეთა“.

„არა, ჩემი აზრით, იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა“, – უპასუხა პრეზიდენტმა.

შემდეგ რეპორტიორმა თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, ჰკითხა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ეს. მან უპასუხა: „ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას, მაგრამ ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ირანმა გააკეთა… ისინი, როგორც იცით, ძალიან არაზუსტები არიან თავიანთი საბრძოლო მასალის გამოყენებისას. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა გააკეთა“.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა: „აშშ სკოლას განზრახ არ დაუმიზნებდა“ და დასძინა, რომ აშშ-ს ძალებს „არ აქვთ განზრახვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაუმიზნონ“.

ირანის ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთ ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებული თავდასხმისას 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC News-ი წერს, რომ მათ ამ რაოდენობის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეუძლიათ.

ქალაქ მინაბის სკოლას თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებსა და ხელმძღვანელობაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.

ირანის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულეს. ისრაელმა განაცხადა, რომ „არ იცოდა“ ამ ტერიტორიაზე IDF-ის რაიმე ოპერაციის შესახებ, თუმცა BBC-ს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებს.

BBC Verify-ის მიერ გადაღებულმა თანამგზავრულმა გამოსახულების ანალიზმა მრავლობითი დარტყმა და დამწვრობის კვალი გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა ერთზე მეტჯერ დაბომბეს.

თუმცა, როგორც BBC  აცხადებს, საბრძოლო მასალის ნარჩენების დამატებითი კადრების გარეშე, შეუძლებელია იმის ნათლად იდენტიფიცირება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები