თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სასამართლო პროცესზე: ყველა მსხვილი შესყიდვა მინისტრთან იყო შეთანხმებული

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

სასამართლოში მოწმის სახით ჩვენება მისცა ამავე საქმეზე ბრალდებულმა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის თქმით, მაშინდელი თავდაცვის მინისტრისგან, ჯუანშერ ბურჭულაძისგან მიიღო დავალება, რომ გორის ჰოსპიტლისთვის კონკრეტული პირისგან სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა უნდა შეესყიდათ საიდუმლო წესით.

„დაახლოებით 2022 წლის ნოემბრის თვეში დამიკავშირდა მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც მითხრა, რომ საჭირო იყო გორის ჰოსპიტლისთვის ტექნიკისა და ინვენტარის შესყიდვა, რომელიც უნდა შეგვესყიდა საიდუმლო წესით და შესაბამისი წერილი მომივიდოდა გორის ჰოსპიტლისგან. მკითხა, ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიცნობდი. მომცა ზურაბ ტუკვაძის ნომერი და დამავალა, მისგან და მისი მითითებებით განმეხორციელებინა აღნიშნული შესყიდვები. შემდეგ საქმის კურსში ჩავაყენე თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა, რომ ვინაიდან დავალება მოდიოდა მინისტრისგან, მივყოლოდი მინისტრის მითითებას. დავუკავშირდი ზურაბ ტუკვაძეს, დავიბარე თავდაცვის სამინისტროში, ჩემს სამუშაო კაბინეტში. როდესაც ვესაუბრე, მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. რამდენიმე დღეში ტუკვაძე მოვიდა ჩემთან კაბინეტში, გავიცანით ერთმანეთი, რაიმე შინაარსობრივი საუბარი არ მქონია. გადმომცა ორი კომპანიის რეკვიზიტები და მითხრა, რომ აღნიშნულ კომპანიებთან ჩამეტარებინა ბაზრის კვლევა და შესყიდვა. ამის შემდეგ გორის ჰოსპიტლისგან მოვიდა მოთხოვნა, სადაც საკმაოდ ვრცელი სია იყო ტექნიკისა, რომელიც გავაცანი ჩემს მოადგილეს.

იქიდან გამომდინარე, რომ სიაში იყო მხოლოდ ტექნიკის დასახელებები, როგორც შესყიდვის პროცედურა ითვალისწინებდა, დაზუსტების მოთხოვნით გავუგზავნე წერილი შალვა მაღლაკელიძეს, ვითხოვდით, წარმოედგინათ ტექნიკის და ინვენტარის სრული მახასიათებლები. რამდენიმე ხანში გორის ჰოსპიტალმა წარმოადგინა ნაწილი ტექნიკის მახასიათებელი, ნაწილზე იწერებოდა, რომ ეტაპობრივად მოგვაწვდიდა. რა ნაწილიც იყო ტექნიკის, იმ ნაწილზე დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, დაეწყოთ შესყიდვის პროცედურები, ბაზრის კვლევა. შემდეგ ორივე კომპანიამ წარმოადგინა ბაზრის კვლევის ფასები.

სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ მქონია სპეციალური ცოდნა, ერთი შეხედვით ვერ შევამჩნევდი, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ბაზარზე არსებულ ფასებს. ვინაიდან მინისტრისგან მქონდა მიღებული დავალება, ეს თავის თავში გულისხმობდა, რომ ზედმეტი კითხვები არ დამესვა.

ვიაზრებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებით მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე სახელმწიფო ბიუჯეტს. მე თვითონ ვნანობ აღნიშნულს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფმა არცერთმა თანამშრომელმა აღნიშნული დავალების შესახებ არ იცოდა, ისინი მხოლოდ ჩემს მითითებას ასრულებდნენ“, – განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

კითხვაზე, დიდ შესყიდვებს როცა ეხებოდა საქმე, ეს ყველაფერი ხდებოდა თუ არა მინისტრთან შეთანხმების გარეშე, ღუდუშაურმა უპასუხა:

„რეალურად, მინისტრთან იყო შეთანხმებული ყველა ასეთი მსხვილი შესყიდვა“.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლისძმას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე აქვთ ბრალი წარდგენილი. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები