გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი.
„უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად. გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და საქართველოს უკრაინიზაციისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის“ სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არავის მისცემენ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს.
„ევროკავშირის ელჩი, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა, დღეს ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს შეუჩერებია. ამგვარი სიცრუე და ორპირობა, რომელსაც ქართული საზოგადოება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში აკვირდება, არყევს ქართველების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული
„ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ევროკავშირის მიერვე ჩატარებული კვლევის – „ევრობარომეტრის“ თანახმად, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ ნდობა ბოლო 6 თვის განმავლობაში 6%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე – 58%-მდე შემცირდა. თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა დავალებითაც კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები მოქმედებენ, არც საქართველოს ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც ევროკავშირის იმიჯი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ხაზგასმით ვთქვით გუშინწინაც და გუშინაც. საქართველოს არათუ არ შეუჩერებია ევროინტეგრაციის პროცესი, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს ყველა ვალდებულების შესრულებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს არის ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომელთა 90 პროცენტზე მეტი უკვე 2028 წელს გვექნება შესრულებული.
თუმცა, ამასთან ერთად, არავის მივცემთ საშუალებას, ისეთი ფორმალობა, როგორიც მოლაპარაკებების გახსნის საკითხია, საზოგადოების გახლეჩის, ქვეყნის არევისა და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობისთვის გამოიყენოს. საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წაიყვანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.