ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ ნაწილად განხორციელდება. პირველი და მეორე ეტაპი 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ეტაპი მომავალ წელს არის დაგეგმილი.
„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.
„რაც შეეხება ამ ორ მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ ღამით დაიწყება და 1 300 მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდება. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება, ელექტროგადამცემ ხაზებს მიწის ქვემოთ ჩავიტანთ. დამონტაჟდება გარე განათების ბოძები LED სანათებით. ტერიტორიაზე გაჩნდება საპარკინგე ადგილები. დღეს ძალიან ქაოსური და მძიმე მდგომარეობაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ნორმალურად ვერ ახერხებს, ქვეითად მოსიარულეები ეტლით ბავშვს ვერ ასეირნებენ და ა.შ. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ამ დღეებში კიდევ გვექნება. მათთვის სპეციალური საშვები დარიგდება, რომ მოსახლეობამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან (ე.წ. ბაგების კუნძულებიდან) ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 ივნისის 00:00 საათიდან ოთხი თვის განმავლობაში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება. ტერიტორიაზე გადაადგილებას საკუთარი ავტომობილებით მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ.
სხვა სატრანსპორტო საშუალებები ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის მიმართულებით გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის გავლით, ხოლო წყნეთისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით კერძო ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით.
წყნეთის გზატკეცილზე და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე არსებული საავტომობილო კვანძიდან ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც უჩანეიშვილის ქუჩის, ისე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართულებით.
რეაბილიტაციის ფარგლებში ცვლილებები შევა ავტობუსების მარშრუტებშიც. კერძოდ, N345 და N351 წყნეთის გზატკეცილზე მოძრაობას დაასრულებენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ავტობუსები: N307, N354 და N359 ჭავჭავაძის გამზირიდან (ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან) გადაადგილდებიან თამარაშვილის გამზირზე, იმოძრავებენ უნივერსიტეტის ქუჩისკენ, რის შემდეგაც, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით გადავლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელთან, N354 ავტობუსი კი მოძრაობას წყნეთის მიმართულებით გააგრძელებს.
აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით იმავე მარშრუტით, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდით, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გამოყენებით გადაადგილდებიან.
რაც შეეხება N334-ის მარშრუტს, ავტობუსი მეტროსადგურ „დელისიდან“ დაუკავშირდება თამარაშვილის გამზირს, უნივერსიტეტის ქუჩას, შემდეგ კი ბაგების ახალი ხიდით წყნეთის გზატკეცილზე გადაინაცვლებს, საიდანაც იმოძრავებს დადგენილი სქემით.
უკუმიმართულებისას, ავტობუსი იმოძრავებს ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩის გამოყენებით, რის შემდეგაც თამარაშვილის გამზირიდან დაუკავშირდება მეტროსადგურ „დელისს“.