Saturday, November 23, 2024
7.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის

ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან კანონის შესახებ დისკუსიას.

„ბოლო თემა, რომელსაც შევეხები, ეს არის კიდევ ერთხელ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. თვითონ გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციის გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი. რაც შეეხება კანონს, კანონს მხარს უჭერს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი. შესაბამისად მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია.

ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები, კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე პირადად შევთავაზე დიპლომატებს, მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არ იყო არავითარი გამოხმაურება.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც, სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმითვე, აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შურს უკრაინელების, რაც არ არის შემთხვევითი წამოცდენა, მთავარი მიზანი, დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის ის, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ ამას ვერ მიაღწიეს 2022 წელს, თუმცა ფაქტია, რომ დღემდე ამის იმედი არ დაუკარგავთ.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რას ნიშნავს უკრაინის ბედის გაზიარება და რა მდგომარეობაა დღეს უკრაინაში. სამწუხაროდ, ამ ომის შედეგად უკრაინაში დაღუპულია ათი ათასობით ადამიანი. კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებელია 19-24 წლის ახალგაზრდა მამაკაცების 2/3 ან ქვეყნიდან გავიდა, ან დაიღუპა. საუბარია უკრაინის გენოფონდის განადგურებაზე. ეს არის ის, რისიც შურთ ჩვენს ოპონენტებს. დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე უკრაინელი ან დევნილად არის ქცეული ქვეყნის შიგნით, ან ლტოლვილად – გასულია ქვეყნიდან. ეკონომიკა განადგურებულია, მარტო პირველსავე წელს 30% ჰქონდათ ეკონომიკის ვარდნა, რაც სრულ კატასტროფას ნიშნავს. ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დღეს რუსეთს აქვს ოკუპირებული 2,5-ჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე ჰქონდა ოკუპირებული ომის დაწყების მომენტისთვის. ომის ფონზე უკრაინაში ხელს ითბობენ პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები და ყვავის კორუფცია, გაუქმებულია არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზოგადად დემოკრატიის ცნებასთან. ამ ყველაფრის შურთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს და არა მარტო შურთ, მათ სურთ ეს ყველაფერი იხილონ საქართველოში, მათ სურთ, საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ. ფაქტია, მათ იმედი არ დაუკარგავთ და მათ მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას, რაც არის წინსვლის და განვითარების აუცილებელი პირობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელისუფლებას დაეხმარება იმაში, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სიმშვიდე, რაც ასე სჭირდება ქვეყანას და მოსახლეობას.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები