„ოჯახს… მცირე ეკლესიასაც უწოდებენ… ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიისა… ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება…
ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა…
ოჯახი არის სივრცე… სადაც მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულისა, თავგანწირვისა, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ…
ოჯახი… ეს არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი განძი და ფასეულობა, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღვლენილი პარაკლისის შემდეგ.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტე აღდგა!
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, დედანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ჩვენ ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ოჯახის ცნებაზე, მის მნიშვნელობაზე. ეს არის უდიდესი ფასეულობა და განძი, რომელიც ღმერთმა უბოძა კაცობრიობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური დებულება ოჯახის შესახებ, რომ ის ევოლუციის შედეგად კი არ წარმოიშვა, თითქოს ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მამაკაცები და ქალები და ერთ მშვენიერ დღეს მოიფიქრეს, რომ დააწესონ ოჯახური ცხოვრების წესი. ასე არ იყო; არამედ თავიდანვე ღმერთმა შექმნა ადამიანი, როგორც ოჯახი. ბიბლია გვაუწყებს, რომ უფალმა თქვა: „არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს“ (დაბ. 2,18). და შეუქმნა ღმერთმა ადამს ცოლი, აკურთხა ისინი და თქვა: „აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა“ (დაბ. 1,28). ასე დადგინდა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ეს განსაკუთრებული ცხოვრებისეული კავშირი – ოჯახი.
ახალი აღთქმის პერიოდში ქრისტეს ეკლესიაში ოჯახმა კიდევ უფრო აღმატებული მნიშვნელობა შეიძინა. მას მცირე ეკლესიასაც უწოდებენ (ან სახლის ეკლესიას), იმიტომ რომ ეს არის ნაწილი და სახე დიდი მსოფლიო ეკლესიისა. მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, ოჯახი უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის სახედ მოიაზრება. წმინდა მოციქული პავლეს წერს: „ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა“, და შემდეგ დასძენს: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფ. 5,25).
მაშასადამე, ოჯახში, ქორწინებაში ქმარი არის სახე ქრისტესი, ხოლო ცოლი – ეკლესიისა. ქორწინების, ჯვრისწერის დროს მეუღლეებს ეძლევათ ეს მადლი, რომ თავიანთი ერთობა წარმართონ სიყვარულით, იყვნენ ერთ სულ და ერთ ხორც. ამრიგად, ქორწინებაში ადამიანის პიროვნებაც მთლიანდება და ეს ერთობა მარადიულია, თუ არ დაარღვია ადამიანმა. მეუღლეებს ასევე ეძლევათ მადლი შვილიერებისა და მადლი, რომ ქრისტიანულად აღზარდონ თავიანთი შვილები.
ოჯახი, გარდა იმისა, რომ ეკლესიის სახეა, სამრევლო თემის სახეც არის. ამ მცირე ეკლესიაში ქმარი არის, როგორც მღვდელი, ხოლო ცოლი და დედა, როგორც მისი თანაშემწე, დიაკვნის მსახურებას განასახიერებს; შვილები კი არიან მათი სამწყსო, ის მრევლი, რომელიც მათ ღმერთთან უნდა მიიყვანონ.
ეკლესიის მიზანი არის თავისი წევრების გადარჩენა: ჩვენ ვიკრიბებით დედაეკლესიაში, რომ სული გადავირჩინოთ და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. და ასევე, ოჯახშიც, მცირე ეკლესიაში, ადამიანები იკრიბებიან, რომ უყვარდეთ ერთმანეთი და სული გადაირჩინონ. ეს არის სივრცე, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ამ სულიერ სივრცეში მკვიდრობს უფალი. ეს არის დიდი სკოლა სიყვარულისა, თავგანწირვისა, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ.
ამდენად, ვიმეორებ, რომ ეს არის ღვთის მიერ ბოძებული უდიდესი განძი და ფასეულობა, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა შექმნას და მთელი ცხოვრება თვალისჩინივით უფრთხილდებოდეს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მთ. 19,6).
ამდენად, ჩვენს თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა ტრადიციული ოჯახის წინააღმდეგ, მეტად გვმართებს, რომ მოვუფრთხილდეთ ოჯახს, ოჯახის სიწმინდეს და ოჯახურ ღირებულებებს, ვილოცოთ და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ოჯახი გადარჩეს და გაძლიერდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეკრება და ლოცვითი მსვლელობა.
ახლა წავიკითხავთ მოკლე ლოცვას, რომლის შემდეგაც გავემართებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, იქ ერთად აღვავლენთ პარაკლისს და ვილოცებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ჩვენი ოჯახების გაძლიერებისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ. გაიხარეთ.
თბილისი, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
17 მაისი, 2025 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს თამარ ასათიანმა და ანზორ ჩიქობავამ
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (17.05.2025)
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში (17.05.2025)