თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი: მკაცრად ვგმობ ბათუმში ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას

„მკაცრად ვგმობ ბათუმში, საქართველოში, „ბეშიქთაშისა” და „ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს ჩვენი გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციის არაპროპორციულ ჩარევას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორის, ბურჰანეტინ დურანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„პალესტინელი ხალხისადმი სოლიდარობის მშვიდობიანი გამოხატულება არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული ძალადობის ან ჩარევის საბაბად. თანაგრძნობას ვუცხადებ ბეშიქთაშის საზოგადოებასა და ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ამ მოვლენების გამო დაზარალდა. ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილ უსამართლობას საუკეთესო პასუხი გასცეს ჩვენმა პატივცემულმა სპორტულმა კლუბებმა – სოლიდარობის გზავნილებით, ხოლო თავად „ბეშიქთაშმა”- მოედანზე მოპოვებული გამარჯვებით. ვულოცავ „ბეშიქთაშის” დიდ ოჯახს”, – წერს დურანი X-ზე.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს, მუსტაფა ჩიფთჩისა და სულხან თამაზაშვილს შორისაც – მათი სატელეფონო საუბარი თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა.

აღნიშნული საუბრის დროს შს მინისტრი თამაზაშვილი თურქი კოლეგის სიტყვების საპასუხოდ, რომ ბათუმიდან გავრცელებულმა კადრებმა თურქეთის მოქალაქეებში დიდი რეაქცია გამოიწვია, ამბობს: „კოლეგას უთხარით, რომ სწორედ ამიტომ მყავს იქ პირადად ჩემი მოადგილე მივლენილი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაწყნაროთ და პოლიციური ძალების გამოყენება არ დასჭირდეს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ სპორტულ ქომაგებს ეს აგრესია და გადაჭარბებული ემოციები, ცნობილია ყველასთვის, რომ აქვთ. და შესაბამისად ვიყენებთ ისეთ ძალას, რომელიც დაგვჭირდება მინიმალურად ამ აგრესიის მართვისთვის“.

26 ნოემბერს, ბათუმში საფეხბურთო კლუბების – „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქალაქ ბათუმში იყვნენ მობილიზებულნი.

გულშემატკივართა მსვლელობისა და უშუალოდ საფეხბურთო მატჩის მშვიდობიან ვითარებაში წარმართვის უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა მიღებული უსაფრთხოების შესაბამისი ზომები. სამართალდამცველები განაწილებული იყვნენ როგორც „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, ასევე ქალაქის იმ ადგილებში, საიდანაც სტადიონის მიმართულებით გულშემატკივართა მსვლელობა იყო დაგეგმილი.

ევროპის მოედნიდან „ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით. ისინი უცენზურო შეძახილებითა და სხვადასხვა საგნის სროლით უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ მათ.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.

ასევე, ცალკეული უცხოური მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

კატეგორიულად უარვყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აღნიშნული დროშებისა და ბანერების გამოფენამდე, ჯერ კიდევ სტადიონის მიმართულებით მსვლელობისას დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა, თუ ეროვნებისა.

სამართალდამცველებზე თავდასხმა, ძალადობა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა დაუშვებელია და თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

26 ნოემბერს, ბათუმში საფეხბურთო კლუბების – „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა. სტადიონზე დაპირისპირების ამსახველი სხვადასხვა ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები