ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 4 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, უსაფრთხო ადგილას 17 ოჯახია გაყვანილი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მისი მოადგილეები ქრისტინა კობახიძე და ლევან ჯმუხაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება. სპეციალისტები სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, აფასებენ მეწყრული პროცესებით გამოწვეულ საფრთხეებს და დეტალურად იკვლევენ მიმდებარე ტერიტორიას, მათ შორის, თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს, რათა შესაძლებელი იყოს არსებული რისკების დროული შეფასება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები.

დაზარალებულ მოსახლეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის დახმარებით გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები.

სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. მიმდინარეობს ვითარების მუდმივი მონიტორინგი და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები