შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან პირველი ნოემბერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი. ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები