„კახა კალაძე უკვე ცხრა წელია თბილისის მერია, თუმცა დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემები ამ ხნის განმავლობაში არათუ ვერ მოგვარდა, არამედ ყოველდღიურად უფრო მწვავე და მასშტაბური ხდება. ეს არის არაკომპეტენტური მართვის, კორუფციის, ნეპოტიზმისა და პროფესიონალიზმის უგულებელყოფის შედეგი.
პროფესიონალების ნაცვლად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია პარტიული კადრებითა და არაფორმალური გავლენებით დაკომპლექტებულ სტრუქტურად აქციეს. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა სატრანსპორტო პოლიტიკის განმსაზღვრელ საქალაქო სამსახურში, რომლის ხელმძღვანელებიც ამ ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალნენ. უწყების არასტაბილური და ქაოსური მართვა პირდაპირ აისახება დედაქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაზე. შედეგად, გვაქვს ისეთივე მოუწესრიგებელი სისტემა, როგორიც თავად ამ უწყების საქმიანობაა.
სატრანსპორტო პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირზე ასვლის შემდეგ მარცხენა მხარეს მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, მძღოლს წყნეთის გზატკეცილამდე უწევს გადაადგილება, რათა შემობრუნდეს და გზის მეორე მხარეს აღმოჩნდეს. ამასთან, წრიული მოძრაობის კვანძი სატრანსპორტო ნაკადების არასწორი ორგანიზების გამო მუდმივი შეფერხების წყაროდ იქცა. ეს არის დაგეგმვისა და წინასწარი გაანგარიშების სრული უგულებელყოფის შედეგი. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას ელემენტარული პროფესიული სტანდარტი უნდა იყოს ნაკადების მოდელირება და იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საცობების პრევენციას უზრუნველყოფს და არა მათ სისტემურ წარმოქმნას.
მსგავს პრობლემებს ვხედავთ ქეთევან წამებულის გამზირზე, წერეთლის გამზირზე და დედაქალაქის სხვა მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და ავტობუსის ზოლები მოეწყო.
თავად ბასლეინების არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პრიორიტეტის მინიჭება აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს გააზრებულ, პროფესიულად დაგეგმილ და ქალაქის საერთო სატრანსპორტო სისტემასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რომელიც წინასწარი ანალიზისა და სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინების გარეშე ხორციელდება, პრობლემას ვერ აგვარებს.
ცალკე საუბრის თემაა მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობა და შეუსრულებელი დაპირებები. ცხრა წლის შემდეგ ლილოსა და დიდ დიღომში ახალი მეტროსადგურების მშენებლობის ნაცვლად, მოქალაქეებს მხოლოდ დაპირებების ამსახველი ბანერები შემორჩათ.
ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით ირონიულია კალაძის საუბარი ე.წ. იაპონური მოდელის დანერგვაზე. გამოდის, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ავტომობილების გამოყენების შეზღუდვას სთავაზობს მაშინ, როდესაც თავად არაფერი გაუკეთებია დედაქალაქის შემომყვანი და გამყვანი გზების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად და ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების შესაქმნელად. მოქალაქეს ჯერ გადაადგილების რეალური ალტერნატივა უნდა შესთავაზო და მხოლოდ ამის შემდეგ მოსთხოვო პირადი ავტომობილით სარგებლობის შეზღუდვა. სხვაგვარად, ეს რეფორმა კი არა, საკუთარი უმოქმედობის მოქალაქეებზე გადაბრალებაა.
თბილისს სჭირდება არა პიარ-კამპანიები და მორიგი ექსპერიმენტები, არამედ პროფესიული ცოდნით, მონაცემებითა და გრძელვადიანი ხედვით განსაზღვრული სატრანსპორტო პოლიტიკა. საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, მოძრაობის კვანძების სწორად დაგეგმვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდა და მართვის სისტემის გათავისუფლება პარტიული ინტერესებისგან.
ეს ყველაფერი შესაძლებელია. ამისთვის არ არის საჭირო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის თავიდან გამოგონება, საჭიროა კომპეტენტური ადამიანების ჩართვა, სწორი დაგეგმვა და პასუხისმგებლიანი მართვა.
ჩვენ შეგვიძლია, პროფესიონალებთან ერთად, ეს ცვლილებები თანმიმდევრულად, ეფექტიანად და მოქალაქეებისთვის მინიმალური დისკომფორტით განვახორციელოთ.
თბილისის განვითარებას კორუმპირებული და არაკომპეტენტური მმართველობა აფერხებს. ამ მმართველობის შეცვლით შევძლებთ, დავუბრუნოთ დედაქალაქს მოწესრიგებული ქუჩები, გამართული ტრანსპორტი და გადაადგილების თავისუფლება.
ამისთვის კი საჭიროა ჩვენი ერთობა და ორგანიზება.
ცვლილებები ჩვენი ერთობლივი მოქმედებით იწყება“, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში.

