თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.
დედაქალაქის მერმა ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და განაცხადა, რომ დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან ფართებით უკვე დაყმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი ოჯახი, პროცესი კი პრობლემის სრულად გადაჭრამდე გაგრძელდება.
„დღეს ის განსაკუთრებული დღეა, როდესაც ემოცია, სიხარული, სიამაყის და გამარჯვების განცდა ერთად იყრის თავს. საუბარია ათასობით ოჯახის მომავალზე, რომლებმაც გამოიარეს გაურკვევლობის, შიშისა და უიმედობის მრავალწლიანი პერიოდი. წლების წინ არაერთმა ოჯახმა საკუთარი შრომითა და დანაზოგით სტაბილური მომავალი დააბანდა, რომლის ასრულებაც, სამწუხაროდ, დიდი ხნით გადაიდო. მიზეზებს არ ჩამოვთვლი, ყველასთვის ცნობილია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების პრობლემა, რომელიც ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება კონკრეტულ შედეგებს ითვლის – კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 500-მდე ოჯახიდან უკვე დაკმაყოფილებულია 2 500-ზე მეტი დაზარალებული. მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, როდესაც თქვენი ბებია-ბაბუების მიერ ჩადებულ ინვესტიციას გადმოგცემთ. გილოცავთ. დღეს თქვენ ბინებთან ერთად, დაიბრუნეთ სამართლიანობის განცდა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, საკრებულოს წევრებს და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების პროცესში. ჩვენთვის ეს პროგრამა არასდროს ყოფილა მხოლოდ სამშენებლო პროექტი. ეს იყო ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების წინაშე აღებული სიტყვის შესრულების საკითხი; ეს არის ჩვენ მიერ აღებული უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ათასობით ოჯახს აძლევს შესაძლებლობას, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში იცხოვროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ ახალმოსახლეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს“, – განაცხადა თბილისის მერმა და ღონისძიების დასასრულს ერთ-ერთ დაზარალებულს ესტუმრა.
აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო სამუშაოები „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა” აწარმოვა და პროექტი ვადაზე ადრე დაასრულა. კომპლექსის პირველი ბლოკის, დაახლოებით, 40% კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი, ეს კი კომპანიის მიერ განხორციელებული მესამე წარმატებით დასრულებული პროექტია.
კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვის 33 პროექტი. 29 პროექტზე უკვე მიღებულია მშენებლობის ნებართვა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე 12 პროექტი დასრულდება, რომელთა ფარგლებში ფართებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, 2029 წლისთვის კი 17 პროექტის დასრულდება იგეგმება.
დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა თბილისის მერიისა და ქონების მართვის სააგენტოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.
ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

