დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმომ გაიმარჯვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისტორიული პროექტის განხორციელების. მხედველობაში მაქვს ტრამვაის ხაზი. ამასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება გაკეთდა. ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც საერთაშორისო და უცხოურ კომპანიებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, დიდი დიღმის მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების წესებით გამოცხადებული ტენდერი მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი – თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიაა. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ABD-ს შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ასევე ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გავაფორმებთ უკვე ხელშეკრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან: კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. სამივე ეტაპისთვის განსაზღვრულია 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან და დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას.
„ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7,5 კილომეტრს, სადაც მთელი ამ გზის მანძილზე იქნება განთავსებული 11 გაჩერება. პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ცალკე ტენდერი ტრამვაის 10 ერთეული შემადგენლობის შესყიდვაზე, მიმდინარეობს ამაზე მუშაობა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ქალაქს დაუბრუნდება ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, დედაქალაქის მთავრობა განახორციელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში, ვინც იშრომა, ვიცე-მერით დაწყებული და დამთავრებული თითოეულ რიგით თანამშრომლამდე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალქისთვის ამ პროექტის განხორციელება და ეტაპობრივად საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

