ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, საყდრის ხიდის მიმდებარე მონაკვეთზე, გზა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის გაიხსნა, დანარჩენი ტრანსპორტისთვის მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
როგორც ლენტეხის მერიაში აცხადებენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე მდინარის ადიდების შედეგად წყალი და დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა, რის გამოც 19 ივლისს სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
„წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური მძიმე ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
მიუხედავად, მძიმე ტექნიკის უწყვეტი მუშაობისა, გზაზე ჩამოტანილი ქვა-ღორღის დიდი მოცულობის გამო, გზის გახსნა დღეს ვერ მოხერხდა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული მდგომარეობა და იმოძრაოთ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – დაწერა 19 ივლისს, გვიან ღამით, ლენტეხის მერმა გიორგი გაზდელიანმა სოციალურ ქსელში.

