გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 63%-ს აღემატება.
„რაც შეეხება ზოგადად, კრიმინოგენურ მდგომარეობას, გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენცია, რაც არის მნიშვნელოვანი და იმ საქმიანობის მთავარი ინდიკატორი, რასაც მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. 3%-ით შემცირდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. 30%-ით არის შემცირებული თაღლითობა, 17%-ით არის შემცირებული ყაჩაღობა, 34%-ით არის შემცირებული გამოძალვა. ესეც არის იმ კონკრეტული ზომების შედეგი, რაც მიღებული იქნა შსს-ს მიერ. 63%-ს აღემატება დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით. მე მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ყველა ეს შედეგი არის პოლიციელების გმირობის შედეგი. ჩვენ გვახსოვს კონკრეტული სპეცოპერაციები. იგივე ნარკოტიკებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით. თითოეული ეს სპეცოპერაცია გულისხმობს სიცოცხლის რისკზე წასვლას და ნებისმიერი ასეთი საქმიანობა დაკავშირებულია თავდადებასთან, გმირობასთან და თითოეულ პოლიციელს მინდა გადავუხადო მადლობა მათი გმირული დამოკიდებულებისა და პატრიოტიზმისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გელა გელაძეს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შევძელით ჩვენ ამ მასშტაბური ცვლილების მიღწევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში და მას ჩვენგან და საზოგადოებისგან ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ყველა მიმართულებით საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ.
მისი ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, მაშინ როცა გასულ წელს, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.
„ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში, წელს – 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმითვე, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
„შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას – ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომლებიც დააკავეს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დააკავეს და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე თქვა, რომ ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი, დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს და რისკის შემცველია.
პრემიერის ინფორმაციით, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
„ასევე, იარაღის ტარება – ესეც იყო აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვნებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდის კრიტიკისას, გომელაურის გვარი არ უხსენებია.
გომელაურის ხანმოკლე აღმასვლა და მოულოდნელი გათავისუფლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად 2024 წლის 20 დეკემბერს დანიშნა, 5 თვეში კი ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც დაატოვებინა.
„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაშინდელ მოადგილეს, მირზა კეზევაძეს მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში სანქციები დაუწესა.


