„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იამაყოს ამ ბიჭებით. სწორედ მათი გმირობა გვაძლევს რწმენას, რომ საქართველო უკვდავია და საქართველო მარადიულია“, – საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 18 წლისთავთან დაკავშირებით შინდისში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლას ქართულ სამხედრო ისტორიაში გმირობის გამორჩეული მაგალითი უწოდა და განაცხადა, რომ ამ მებრძოლების სიმტკიცემ და თავგანწირვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელი სული.
„მათ ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინეს, თავიანთი ვაჟკაცობითა და სულისკვეთებით დაანახეს ყველას, რომ ქართველი მებრძოლი გაუტეხელია და არასდროს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი შინდისის გმირების მშობლებსაც შეხვდა და ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, შინდისის გმირების ხსოვნა მხოლოდ წარსულისადმი პატივისცემას არ გულისხმობს, მნიშვნელოვანია მათი თავდადება და ის ღირებულებები, რასაც სიცოცხლე შესწირეს, მომავალ თაობებს გადაეცეს და ქართული საზოგადოების ისტორიული მეხსიერების განუყოფელ ნაწილად დარჩეს.

