Thursday, December 26, 2024
3.8 C
Tbilisi

აშშ ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციებს მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში უწესებს და დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ

სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესდათ მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში, რადგან „შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს“.

„გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ განხორციელებულ სასტიკ და ძალადობრივ დარბევებზე, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებსაც იღებს, რათა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს სხვა ქართველ პირებსა და მათ ოჯახებს, მათ შორის სამართალდამცველებსა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალურ პირებს, რომლებიც ჩართული იყვნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაში; ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, ზეწოლისა და მუქარის გარეშე ხმის მიცემის უფლების შესაზღუდად.

დღევანდელი ქმედებით გრძელდება წინა კვირას გამოცხადებული სავიზო შეზღუდვები, ფართოვდება აშშ-ის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სექტემბერში დაწესებული სანქციები, რომელიც თანხვედრაშია დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ და ბოლო დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებთან.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართველი მაღალჩინოსნების მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ განგრძობით, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მტკიცედ ვართ განწყობილი, დავაკისროთ პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ძირს უთხრიან ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ქმედებები განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანება 13818-ის  შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულებათა აქტს და მიმართულია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების ჩამდენ პირებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სახაზინო დეპარტამენტის პრესრელიზი. სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო შეზღუდვების დაწესების ზომები მიღებულია 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის საფუძველზე, საიმიგრაციო და ეროვნულობის აქტის 212(a)(3)(C) მუხლის შესაბამისად“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები