„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას“, – საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის განცხადებით, მაშინ, როდესაც ქართველი სამხედროები განსაკუთრებული სიმამაცით იბრძოდნენ და შინდისის გმირებმა თავდადების გამორჩეული მაგალითი აჩვენეს, ქვეყნის ხელისუფლებას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.
მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, საზოგადოებრივი დისკუსიის მხოლოდ იმ საკითხზე კონცენტრირებას, თუ ვინ დაიწყო ომი, მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობიდან ყურადღება გადააქვს.
„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგების სრულფასოვანი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს როგორც ომის გარემოებები, ისე იმ პერიოდში ხელისუფლების ქმედებები.

