ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე ადამიანები, ვინც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს.
„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც, ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები. შეგვიძლია, ამოვიღოთ „ფეისბუქის“ „სქრინები“, რას აკეთებდნენ და ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. თქვენ გახსოვთ, თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიები, პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ჩვენი ორი საამაყო სპორტსმენი. ზუსტად იგივე ადამიანები, მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“,- აღნიშნა პრემიერმა.