„გიორგი ქოჩორაშვილს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. ის რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მამის, როინ ქოჩორაშვილის შესახებ რატომ გახდა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანების მიზეზი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამით რადიკალური დაჯგუფებები გაღიზიანდნენ.
„ვიცით, ვინ გაღიზიანდა ამით – რადიკალური დაჯგუფებები. თუმცა, მე სიახლე არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს. ეს ჩემი მოგონილი არ არის. მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება, რომ მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. რადიკალები ყველაფრის მკადრებლები არიან და გამიკვირდა ისიც რომ არ დაწერეს, თითქოს გიორგი ქოჩორაშვილზეც ვთქვი ნაციაო.
საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს. ნახეთ, როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ფეხბურთელების მიმართ როგორი ბულინგი მიდის. პირდაპირ ვერ ეუბნებიან, აღნიშნული კანონპროექტი შეაფასეთო. ეუბნებიან, რომ ევროპული მომავალი შეაფასეთო. ევროპული მომავალი ყველას გვინდა, ევროპული გაერთიანებაც. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით და ვშრომობთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ჩვენი კულტურით და ადათ-წესებით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა. ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა უშუალოდ ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილზეც, წარმატებები უსურვა მას და აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში მის ყოფნაში თავადაც მიუძღვის წვლილი.
„რაც შეეხება გიორგის, მე მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიმიცია თავისთვის უფლება, რომ საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია მასზე – გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა და როგორ, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატება ვუსურვო მას.
ასევე, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელით. მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ, ყველა პარტიის წარმომადგენელი. პოლიტიკაში ამ ბიჭების გამოყენება უნდათ რადიკალებს, რომ ის სიბინძურე და ჭუჭყი, რაც გააჩნიათ, ფეხბურთელებს შეაწმინდონ. არავის არაფერი გამოუვა. ეს რადიკალები არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, მას ამისთვის პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.