Sunday, November 24, 2024
2.8 C
Tbilisi

ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგალითად, ერთ 13 წლის ბავშვს 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ასეთი რაღაც ისტორიაშიც არ არსებობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვნების დანაშაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა ნამდვილად არსებობს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს იუსტიციის სამინისტროსთან გერმანული მოდელის დასანერგად.

გომელაურის განმარტებით, ეს მოდელი გულისხმობს დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანას, საიდანაც გამოსვლა პირს მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეძლება.

„არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. არასწორია, რომ ეს ბავშვები დავაკავოთ და ციხეში ჩავსვათ, რა თქმა უნდა, ამას არ ვემხრობი, მით უმეტეს 14 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებით. თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად გლდანის რაიონში, როდესაც სრულწლოვანი ხელმძღვანელობდა ბავშვებს, აორგანიზებდა მაღაზიების გატეხას, ტელეფონების მოპარვას და ასე შემდეგ. ორი შემთხვევა იყო ასეთი და დავაკავეთ. 14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. მაგალითად, ერთ ბავშვს, რომელიც 14 წლისაც არ არის, არის 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი. ასეთი რაღაც ისტორიაში არ არის, ასეთი რაღაც არც საქართველოში და არც უცხოეთში არ იქნება, არც რუსეთში. უკვე ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მათ შორის მეც ვიცნობ ამ ბავშვს. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას – ბოდიში, ტირილი და ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვუზამთ.

მეორე საკითხია, რომ ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან, განათლების სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება. ბავშვთა სახლში გადაყვანის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ მიიყვან და მეორე დღეს გამორბის, ისევ ქუჩაში დგას, ისევ რაღაცას აფუჭებს, ასე არ იქნება. იქიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება გამოსული. იქნება არა ციხე, არამედ  ჩვეულებრივი სახლის პირობები. სკოლა იქნება, ბავშვები, მასწავლებლები, აღმზრდელები იქნებიან, იქნება განათლება, სპორტი. ვთქვათ, სამთვიანია, ექვსთვიანი, წლიანიც არის მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ მოდელზე ვმუშაობთ აქტიურად იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი ვერ ვნახეთ. ძალიან რთული საკითხია. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები