ფინეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ამ მიმართულებით ფინეთის როლზე. გამოითქვა იმედი, რომ ფინეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება.
ილია დარჩიაშვილმა ფინეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან ასევე მადლიერებით აღნიშნა 2008 წელს, საქართველოსთვის გადამწყვეტ პერიოდში, ალექსანდერ სტუბის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი ჩართულობა და წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მიმართულებით.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს გლობალური მშვიდობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა უფრო მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის საჭიროებას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.