საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბერგლიოტ ჰოვლანდს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, ასევე საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში ნორვეგიის წვლილი, ასევე, ნდობის ფონდის ფარგლებში, ნორვეგიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია.