დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში მიმდინარე მშენებლობის გარშემო ატეხილ ხმაურს და განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გასხვისდა.
კახა კალაძემ მიზანმიმართული სპეკულაცია უწოდა მშენებლობასთან ადიკო ივანიშვილის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ პროექტთან ადიკო ივანიშვილის არანაირი შეხება არ აქვს.
„ტყუილია ეს, არასწორი ინფორმაცია არის. მიზანმიმართულად მიმდინარეობს სპეკულაციები აღნიშნულ საკითხზე. თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, მე გეტყვით რეალობა რა არის და სწორი ინფორმაცია რა არის. აღნიშნული ტერიტორია 2011 წელს იქნა გასხვისებული. ამ დროს დედაქალაქის მერი გახლდათ გიგი უგულავა. აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა დეველოპერული პროექტის განხორციელების მიზნით. მე მოვისმინე, რომ თითქოს იქ საბავშვო ბაღი იყო. მე არ ვიცი ჩვენამდე რა იყო, თუმცა შემიძლია გითხრათ, 2010 წელს საბავშვო ბაღი არ ყოფილა. იქვე ახლოს ყაზბეგის 35-ში ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ბაღი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და ხაზს ვუსვამ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისებულია 2011 წელს მშენებლობის მიზნით. დღეს მისი მფლობელი არ არის ადიკო ივანიშვილი, რომელიც თქვენ დამისახელე. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ეს არ არის მისი საკუთრება ან თუნდაც ყოფილიყო მისი საკუთრება, რა წარმოადგენს პრობლემას? არ აქვს ბიზნესის განხორციელების უფლება? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ პროექტთან“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ სრული სიცრუე უწოდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს მშენებლობით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობის ზარებს მუნიციპალური ინსპექცია რეაგირების გარეშე ტოვებს. მისი თქმით, აღნიშნულის საკითხი სწორედ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადგილზე მოიკვლია და დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული.
„სამშენებლო ნებართვა არის კანონის სრული დაცვით გაცემული არსებული ზონირების და გეგმარების ფარგლებში. შემოსული იყო შეტყობინება მუნიციპალურ ინსპექციაში. ინსპექცია ადგილზე იყო მისული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამშენებლო ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული და არანაირი ადიკო ივანიშვილის ინტერესს ეს პროექტი არ წარმოადგენს და არც მისი საკუთრებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.